საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე 52–მა კანდიდატმა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შედეგად საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში საკუთარი ინიციატივით რეგისტრაციიდან მოხსნის 527 ფაქტი დაფიქსირდა.
საია–ს ანგარიშის მიხედვით, დაზარალებულები ძირითადად არ აკონკრეტებენ, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას.
„პარტიების ან თავად კანდიდატების განმარტებით, მათთან ხორციელდებოდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, ადგილი ჰქონდა ახლობლის სამსახურიდან გათავისუფლების, ან პრობლემების შექმნის მუქარას. ვფიქრობთ, კანდიდატებზე სავარუდო ზეწოლის ფაქტებზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირება არასაკმარისი და არაეფექტურია. შსს–მ გამოძიების გარეშე უარყო სარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები და მათში პოლიციელთა შესაძლო მონაწილეობა. პროკურატურის ინფორმაციით კი, სავარაუდო ზეწოლის 61 ფაქტიდან მხოლოდ 4–ზე დაიწყო გამოძიება“ – აცხადებენ საია–ს წარმომადგენლები.
მათივე შეფასებით, არაადეკვატური იყო ასევე პრემიერ–მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ რეგიონში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა თავდასხმის 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 4, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის ხელის შეშლის 9 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.
როგორც საია–ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, „დაპირისპირების შემცველი ინციდენტების სათანადო პრევენცია ხელისუფლებამ ვერ შეძლო“.
„მიუხედავად უწყებათაშორისი კომისიის ძალისხმევისა, მოხმდარიყო დარღვევების პრევენცია, კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები ირღვეოდა“–აღნიშნულია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






