ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასა და მას შორის არსებულ გარიგებებზე საუბრობს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ კაპანაძემ განაცხადა, რომ მას გუდაურში სასტუმრო „მარკოპოლო“ და საბაგირო გზა 10 მილიონ ევროდ შეაძენინეს, შემდეგ კი ერთ დოლარად სახელმწიფოს მიჰყიდეს.
„ჩვენ გუდაურში სასტუმრო „მარკოპოლო“ 10 მილიონ ევროდ შეგვაძენინეს, შემდეგ კი დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ეს ქონება 1 დოლარად უნდა გაგვეყიდა. მიზეზად შეთანხმებების შეუსრულებლობა დასახელდა. ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ამ ყოველივეს დავთანხმდით. არ ვიცი რა ხდებოდა, მე ვთვლი, რომ ეს იყო დორბლიანი სააკაშვილის დავალება. შემდეგ ალტერნატივის სახით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხრიოკი მიწა შემოგვთავაზეს და გვითხრეს რომ 5 მილიონ ევროდ უნდა შეგვეძინა, ამაზე უარი განვაცხადეთ“, - განაცხადა კაპანაძემ.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ე.წ. ლობის ძიება დაიწყო:
„ვიპოვეთ ლობი, ეს იყო თემურ ალასანიამ, მაგრამ მან მფარველობის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი ან ქეშად ან ანგარიშზე უნდა მიეღო. შემდეგ კი მოითხოვა ის, რომ ზესტაფონის ფეროს აქციების 25 პროცენტი უნდა გადამეცა. ამ საუბრის შემდეგ მე და ბატონი თემურ ალასანია გამოვედით რესტორნიდან, მოცვივდნენ ნიღბიანი პირები, ჩაატარეს რაღაც პროცედურები და აღმოჩნდა, რომ თურმე მე ამ შეხვედრაზე ნარკოტიკები მქონდა მიტანილი“, - განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძის განცხადებით, მას თავისუფლების სანაცვლოდ მილიონი ლარის გადახდა შესთავაზეს, მან ეს თანხა გადაიხადა და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა.
მასალის გამოყენების პირობები






