საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ქართულ-გერმანული ურთიერთობისადმი მიძღვნილ სესიაში მონაწილეობდა.
საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, „საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში მართლაც რომ თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს აჩენს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის მხარდაჭერის მტკიცე იმედი აქვს.
დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც შესაძლოა, გაჩნდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და ამ პროცესში ევროკავშირის და კერძოდ, გერმანიის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლობით გაიმართა.
ფორუმში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, გერმანიის ბუნდესტაგისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






