ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საქართველოში პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემოს ანალიზში“ აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ზეწოლისა და პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით შემცირდა.
“NDI–სა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა, მათ შორის არის სისხლიანი ინციდენტებიც.
27 მაისს თბილისის ერთ–ერთ კაფეში ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილი აგრეთვე უწყებათაშორის კომისიაში ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.
საია–მ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ყველა მხარეს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო მთავრობას აღნიშნული ინციდენტის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულმა საქმემ განაახლა დისკუსია პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე. მარტის ბოლოს პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაური რამდენიმე პირმა ცემა და მისივე განცხადებით, მისი გატაცებაც სცადეს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს ინციდენტის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდეს.
მაისის დასაწყისში ბიზნესმენი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მაღალჩინოსნის ძმა, დავით კოდუა სასტიკად ცემეს, რასაც პროკურატურამ ,,შურისძიების ნიადაგზე წინასწარი განზრახვით ჩადენილი ჯგუფური თავდასხმა“ უწოდა“.
მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ძალადობასა და ზეწოლებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიკავა და უწყებათაშორისმა კომისიამ დადებითი შეფასება მიიღო, როგორც ფორუმმა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, მმართველი პარტიის სხვა წევრების საჯარო განცხადებები უფრო ორაზროვანი იყო.
მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერების მხრიდან აღნიშნული ფაქტების უფრო მკაცრად დაგმობა საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდგომ ძალადობის და ზეწოლის მიმართ შეუწყნარებლობის სიგნალს გააგზავნის. შემდგომში ძალადობის პრევენციის მიზნით უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ“, - ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






