„დედაქალაქში უმუშევრობის შესამცირებლად საშემოსავლო გადასახადების 5%-ით შემცირება აუცილებელია, რადგან ეს ბიზნესს თანხების დაზოგვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მისცემს“, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„ამასთანავე, საწვავი 25 თეთრით უნდა გავაიაფოთ. ერთის მხრივ, ეს კარგი იქნება ხალხისთვის, მეორეს მხრივ კი ეს ბიზნესს შეუმცირებს საწარმოო ხარჯებს.
ხშირად ოპონენტები გვეუბნებიან, რომ ამ ცვლილებით ბიუჯეტს 180 მილიონი დააკლდება, მაგრამ მე ვეკითხები თბილისელებს, რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალურად შევიდეს ბიუჯეტში თანხა და ეს მოხმარდეს ცენტრალურ მთავრობაში კადრების გაზრდას, თუ დარჩეს ეს თანხა ბიზნესში? ეს არ არის თანხა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტს დიდ ზიანს მოუტანს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა მთავრობამ თავად შექმნას სამუშაო ადგილები იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, რომელიც ხელისუფლების ხელდასმით არის გაჩერებული, – ვგულისხმობ შემოვლითი რკინიგზის პროექტს, სადაც 6 ათასი ადამიანი იყო სხვადასხვა დროს დასაქმებული, დიდუბე-დიღმის დამაკავშირებელ ხიდს, რომელზეც ასევე ასობით ადამიანი დასაქმდებოდა“,- განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






