საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით რუსეთმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილზე და დავით კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. მერაბიშვილი მოუწოდებს ქართველ პროკურორებს და მოსამართლეებს პუტინის ხელში ბრმა იარაღად ნუ იქცევიან.
„დღეს მოვისმინე, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები აპირებენ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და მე ბრალი წაგვიყენონ 2008 წელს რუსული აგრესიისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
მათ ამ განზრახვას, ჩემთან დაკავშირებით უკვე წელიწადზე მეტია წარმატებით ახორციელებენ ქართველი გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ ასრულებენ არა ქართველი ხალხის, არამედ პუტინის რეჟიმის დაკვეთას.
პუტინის რეჟიმი არ მალავს, ვინ მიაჩნია საქართველოში თავის მთავარ მტრად. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული მტრების სიაც ზუსტად ანალოგიურია. იდენტურია მათი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით. ვინ არიან პოლიტპატიმრებიც.
მინდა მოვუწოდო ქართველ პროკურორებსა და მოსამართლეებს, ნუ იქნებიან ბრმა იარაღი პუტინის ხელში. დამოუკიდებელი საქართველო ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან, სწორად შეაფასებს“, - წერს ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






