საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით რუსეთმა შესაძლოა მასზე და დავით კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი რუსეთის იმპერიის სისუსტეზე მიუთითებს.
„ეს პერიოდი ელოდებოდნენ, რომ შეთანხმებისამებრ საქართველოს ახალ მთავრობას აღეძრა საქმე. თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენი მთავრობა მკაცრად გააფრთხილა ევროკავშირმა, რუსებმა მოიხსნეს ხელთათმანები და თვითონ აპირებენ ჩემს ძებნაში გამოცხადებას. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ იმპერიის სისუსტის ნიშანია და ეს სისუსტე სულ უფრო გაძლიერდება. ეხლა ვფიქრობ, ხომ არ დავჯდე ამ აეროფლოტზე და ჩემი ფეხით ჩავიდე ურდოში და დავენახო მათ? ეს ისე ხუმრობით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.
მასალის გამოყენების პირობები






