"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება გმობს ისეთ პროცესებს, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ხელს შეუშლის.
"ჩვენი ხელისუფლება გმობს ძალადობას, გმობს ისეთ პროცესებს, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უშლის ხელს. ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარება, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. აქედან გამომდინარე მუშაობს უწყებთაშორისი კომისია, შესაბამისი სამსახურები, რომ არჩევნები დემოკრატიულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე წარიმართოს. ასევე გაკეთდა შესაბამისი განცხადებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობისგან, რომ თუ რაიმე კანონდარღვევას ექნება ადგილი, ის განხილული იქნება როგორც უწყებათაშორის კომისიაზე, ასევე დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებები გამოიძიებენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
აშშ-ის საელჩომ არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე აგრესიის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. საელჩო საქართველოს მთავრობას კანდიდატებზე და კომისიის წევრებზე სავარაუდო ზეწოლის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






