საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქციის ღირებულება გაძვირდება. ამის შესახებ ხადურმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, წლის დასაწყისიდან 17 მაისამდე, ლარსის გავლით ექსპორტმა 150 მილიონი ლარი შეადგინა.
"თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება, რადგან ექსპორტიორებს ალტერნატიული გზებით გადაზიდვა მოუწევთ. ლარსიდან იმპორტის შემოსვლაც შეჩერებულია, თუმცა ამისთვისაც შესაძლებელია ალტერნატიული გზები გამონახვა. მაგრამ იმედი მაქვს, ნაწილობრივ მაინც, ამ პრობლემას დროულად მოვაგვარებთ.
არ მინდა ჭარბი ოპტიმიზმი, კარგად ვხედავ, რა ხდება, მაგრამ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ ცუდზე ილაპარაკონ, ხალხი შეაშინონ. არადა ბიუჯეტი სრულდება, გავზარდეთ პენსიები, სოციალური დახმარებები, ხელფასები, ოღონდ არა მინისტრების (პირიქით, მინისტრების ხელფასები შევამცირეთ), ჯარისკაცების ანაზღაურება გავზარდეთ, პოლიციელების, პედაგოგების. 80 მილიონი ლარი მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის სახით დავაბრუნეთ მხოლოდ გასულ ორ თვეში. ყველა ბავშვმა უფასოდ მიიღო სახელმძღვანელო, სტუდენტებს 17 ფაკულტეტზე ვასწავლით უფასოდ, სოფლის მეურნეობაში გამოცოცხლებაა, ხალხმა მიწისკენ პირი იბრუნა, ხელში აიღო იარაღი და მუშაობს. ღვინის შოვნა გახდა ქვეყანაში პრობლემა. ახლა მავანი ამ წინადადებას კუდს გამოაბამს: ღვინოს ეძებს ხადური, ვერ დაულევიაო. 300%-ით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტი. გრანტების ნაწილში შესრულება გეგმის 31,7%-ია, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი, რადგან მათ თავისი მიზნობრიობა აქვთ“, - აცხადებს მინისტრი.
ხადური რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ახალი გზის მშენებლობაზეც აკეთებს კომენტარს:
„რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ახალი გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მიშამ ლამის გახსნილად გამოაცხადა, ისე რომ არც ტენდერი იყო გამოცხადებული, არც პროექტი არსებობდა და კორუფციული სქემებიც გამოვლინდა. ამ ყველაფრის მოწესრიგებამ შეაფერხა ხსენებული პროექტის დაწყება. გზების მშენებლობა გრძელდება, ამჟამად კვლევები მიმდინარეობს აგარა-რუისის, აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე, სადაც ასევე ახალი გზის მშენებლობას დავიწყებთ", - განაცხადა ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები






