საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. 'საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც ფანჯიკიძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობას წარმოადგენს.
“2014 წლის 8 ივნისს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული უკანონო აქტი დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს.
უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ.
საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.
2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპალამენტო არჩევნები“ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






