თუმცა, არც თუ ისე იშვიათად არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფი წინააღმდეგობას უწევს ამა თუ იმ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სხვადასხვა მიზეზებით: ეკოლოგიური პრობლემები, კერძო საკუთრებასთან, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. განსაკუთრებით მწვავდება ვითარება მაშინ, როდესაც პროტესტს მოსახლეობა გამოხატავს უკვე დაწყებული საინვესტიციო პროექტის მიმდინარეობისას - შესრულებულია სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი, დახარჯულია თანხები. ბუნებრივია ასეთი პროცესები არ უწყობს ხელს სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.
,,რეფორმატორთა კლუბს" მიაჩნია, რომ ინვესტიციის მიზნებიდან გამომდინარე, რაც ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებაში.
2000-2001 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიის შტატში არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით დაიწყო ე.წ ,,საზოგადოებრივად სასარგებლო შეთანხმებების“ (Community Benefits Agreements) პროექტი, რომელიც მოგვიანებით სხვა შტატებშიც გავრცელდა და მიღებული იქნა კანონების სახით.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რეფორმატორთა კლუბი საქართველოს მთავრობას სთავაზობს ინვესტიციის განხორციელების მოდელს:
- ინვესტორის, მოსახლეობისა და სახელმწიფოს (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამმხრივი შეთანხმება ინვესტიციის განხორციელების პირობებზე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საწყისი ეტაპი, რომელიც გულისხმობს მოსახლეობისათვის საინვესტიციო პროექტის გაცნობას, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების გათვალისწინებას, მოსახლეობასთან წინასწარ შეთანხმებას კომპენსაციაზე, დასაქმებაზე, ინვესტორის მიერ მოსახლეობისათვის სასარგებლო ვალდებულებების აღებაზე, მაგ. საწარმოს მშენებლობის პროცესში, ინვესტორი კისრულობს ვალდებულებას დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, განავითაროს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ააშენოს სკოლა ან სპორტული კომპლექსი, გადაიხადოს მოსახლეობის საკომუნიკაციო ხარჯები გარკვეული დროის მანძილზე, შეასრულოს ნებისმიერი სხვა პირობა, რაზედაც წინასწარ შეთანხმდებიან ინვესტორი, მოსახლეობა და სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობა);
- მხოლოდ ასეთი შეთანხმების მიღწევის შემდეგ საინვესტიციო პროექტი გადადის მომდევნო ეტაპზე - მოიპოვებს შესაბამის ლიცენზიებს, ნებართვებს, ახორციელებს სხვადასხვა სამუშაოებს.
მიგვაჩნია, რომ საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების ამ ახლებურ მიდგომას ექნება დადებითი შედეგები:
- საინვესტიციო პროექტში თანაბრად იქნება გათვალისწინებული სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესები;
- ყველა მონაწილე მხარე წინასწარ იკისრებს პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე და ანგარიშვალდებული იქნება სხვა მხარის წინაშე;
- საინვესტიციო პროექტი განხორციელდება უფრო სწრაფად, ვინაიდან მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები პირობებზე და აღარავინ გამოთქვამს პროტესტს, არ მოაწყობს აქციებს, არ გაიმართება დაუსრულებელი სასამართლო პროცესები;
- მოსახლეობის აქტიური ჩართულობა საინვესტიციო პროექტში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ და გაზრდის სახელმწიფოს მიმართ მოსახლეობის ნდობას;
- დაამკვიდრებს სამოქალაქო ინიციატივების კულტურას და გაზრდის სამოქალაქო თვითშეგნების დონეს.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






