„ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უმცირესობა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს „აღვირახსნილი კამპანია“.
„დღეს, 6 ივნისს დაახლოებით 16:00 სთ-ზე „ქართული ოცნების“ 100-მდე აქტივისტი შეეცადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში შეჭრას. „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილ აქტივისტებს, რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა. ოფისში შეჭრის მცდელობისას მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას. ამ მომენტისთვის „ქართული ოცნების“ აქტივისტები განლაგებულნი არიან ჩვენი ოფისის გარე პერიმეტრზე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში. ამა თუ იმ რეგიონში არჩევნებში გარდაუვალი მარცხი - რაც მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებითა და ნაციონალური მოძრაობის წარმატებული განახლებითაა განპირობებული - არ უნდა გახდეს კონკურენტების ძალადობრივი გზით ჩამოცილების მიზეზი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირება მოხდა. ცოტა ხნის წინ, ოფისში მყოფმა პირებმა და აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები






