პრეზიდენტმა სამხედროები აფრიკის სამშვიდობო მისიაში გააცილა.
გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.
“ჩვენ ყველანი ვართ ამაყი იმ გმირობით, რაც თქვენ და თქვენს თანამებრძოლებს ჩაუდენიათ ავღანეთში, ISAF-ის მისიაში. ვამაყობთ იმ ნაბიჯებით, რომელიც გადაგიდგამთ და მომავალშიც ასე ვიამაყებთ იმით, რასაც თქვენ გააკეთებთ და რასაც ემსახურებით, ახლა უკვე აფრიკაში. თქვენ იმ ერის შვილები ხართ, რომელიმაც შესძლო და მრავალსაუკუნოვანი მთლიანობა სწორედ თქვენი და თქვენნაირი ადამიანების შედეგად შეინარჩუნა. საქართველო, ძალიან პატარა ქვეყანა ახერხებდა არსებობას სწორედ იმის ხარჯზე, რომ თქვენი წინაპრები ამ ქვეყანას ინარჩუნებდნენ და ინახავდნენ. თქვენი წინაპრების გმირობის ხარჯზემ უძლიერესი იმპერიებით გარშემორტყმული ჩვენი ქვეყანა არასდროს არ დაცემულა და ინარჩუნებდა თავის თავს, მათი გმირობის ხარჯზე. დღეს ეს მთლიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა დასაცავი. დღეს, ის რასაც ავღანეთში ვაკეთებთ და რასაც აფრიკაში გავაკეთებთ, კიდევ უფრო გაამაგრებს ჩვენს ქვეყანას, მის ავტორიტეტს როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე ქვეყნის შიგნით. გახსოვდეთ, რომ თქვენ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიამაყე ხართ. იცოდეთ, რომ თქვენი მშვიდობიანი დაბრუნება და თქვენი წარმატებული სამსახური ჩვენს ქვეყანას წაადგება და მთელს მსოფლიოს უკეთეს მომავალს შეუქმნის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






