სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში 50-მდე უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმარი შიმშილობს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მათი მოთხოვნა გასაგებია, თუმცა, ბუნებრივია, კანონი ერთი ხელის მოსმით ვერ შეიცვლება. ამის მიუხედავად, როგორც ცნობილია, გარკვეული ცვლილება უკვე განხორციელდა: მაგალითად, შეწყალების კომისიას, თუკი აქამდე უფლება ჰქონდა, რომ 25 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ განეხილა უვადო პატიმართა საკითხი, ახლა ეს უფლება განსაზღვრულია 15 წლიდან. ვფიქრობ, ამ კომისიისადმი მათი ნდობა მაღალი უბდა იყოს, ვინაიდან ის არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და არც ერთი სახელმწიფო მოხელე იქ არ შედის. ასე რომ, ეს ერთი ცვლილება უკვე განხორციელდა, სხვა ცვლილებებზე კი ფიქრი და მსჯელობა არ შეწყვეტილა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ უვადო პატიმართა მოთხოვნას საფუძველი აქვს.
სასამართლოს მიერ მათ საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში პირდაპირ წერია, რომ მათ შეეხოთ ამნისტია და მოაკლდათ სასჯელის მეოთხედი, თუმცა მაინც დარჩნენ "უვადოდ".
მასალის გამოყენების პირობები






