ის ფაქტი, რომ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, გასული სეზონის ბოლოს, ესპანურ გრანდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, ეს გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას დიდი დამსახურება იყო, იტყობინება Marca.
არგენტინელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ყოფილ გოლკიპერთან, ხოსე მანუელ პინტოსთან ერთად, ვილანოვას, მწვრთნელის გარდაცვალებამდე, 6 დღით ადრე ეწვია. მესიმ მას უთხრა, რომ „ბლაუგრანას“ დატოვებას აპირებს. თუმცა, ტიტომ ლეო დაარწმუნა, რომ უარი ეთქვა ასეთ ნაბიჯზე და გაეგრძელებინა კატალონიურ კლუბში თამაში.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ინიციატორი თავად ვილანოვა იყო. მანამდე კი, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მას უთხრა, რომ მესი, რომელთანაც ვილანოვას ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
ვილანოვას სიკვდილის შემდეგ, ბართომეუმ ღია წერილში დაწერა, რომ მწვრთნელი, თავისი ცხოვრების ბოლო მომენტებამდე, „ბარსელონას“ დახმარებას აგრძელებდა.
წყარო: barcamania.ge
მასალის გამოყენების პირობები






