პრემიერ-მინისტრი მარნეულის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს აღნიშნული საქმის გამოძიება პირადად გააკონტროლონ და დამნაშავეები შესაბამისად დაისაჯონ.
“მინდა, გამოვეხმაურო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ პირდაპირ ზეწოლას და საოლქო კომისიის შენობის შტურმით აღების მცდელობას. ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუშვებელია. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ყოფილი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მომხდარი ფაქტი კომისიის თავჯდომარეზე ზეწოლაა.
“ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებდით გაუმჭვირვალე საარჩევნო გარემოს საქართველოში. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო უნიკალური და უპრეცენდენტო რეგიონში და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში ჩავატაროთ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მსგავსი საქციელი პროვოკაციის მოწყობის მცდელობაა.
„მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ძალიან პრინციპული საქმე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ ეხება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






