ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან დაუშვებელია.
“ცსკ მარნეულის საარჩევნო ოლქში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლების მიერ მარნეულის საარჩევნო ოლქში განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად.
მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და პოლიტიკურ ძალას, არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად”, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






