„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საჯაროდ ცნობილი გახდა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი.
2014 წლის 28 მაისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 21 თებერვლის განჩნებით, ელგუჯა ბაგრატიონი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ დანაშაულში, ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, სულ 5 ავტომობილის გატაცების ფაქტზე. საქმეზე სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ ელგჯა ბაგრატიონი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეიცვალა 1 წლის ვადით. მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 1 წელი მოიხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის თვითმმართველობის არჩევნებიდან მოხსნის წინადადებით 2014 წლის 31 მაისს უკვე მიმართა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
,,მივიჩნევთ, რომ თუკი საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ დასაბუთებულ კრიტიკას გამოთქვამდა, ელგუჯა ბაგრატიონის საქმეც ანალოგიურია და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილებით, საზოგადოებას პრინციპული მაგალითი უნდა მისცეს“, - აღნიშნავს კაიკაციშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საკრებულოს ხელმძღვანელი პირების პრემიებით, სახელფასო დანამატითა და სამივლინებო ხარჯებითაც დაინტერესდნენ. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონმა, 2010–2013 წლებში მივლინებების დროს, 1623 ლარი დახარჯა, ხოლო პრემიის სახით მიიღო 35,860 ლარი. სულ, ქობულეთის საკრებულოს მთლიანმა შემადგენლობამ, 2009–2013 წლებში, პრემიების სახით მიიღო 410,713,57 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






