_ის, რომ მთავრობა სამართლიანობის აღდგენის პროცესს 2004 წლიდან იწყებს სასაცილოა, როგორც ჩანს პრემიერისთვის 90-იანი წლების მოვლენები მისაღებია, როდესაც კიტოვანმა და მისმა ბანდამ დაამხეს სახელმწიფო, ყვაოდა კორუფცია და იყო განუკითხაობა. კიტოვანი დღეს ართუ პრეს კლუბში, არამედ ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ რადგან ღარიბაშვილს ეს არ აინტერესებს ეს ადამიანი იარაღსაც ითხოვს.
_რაში გამოიხატებოდა ის, რომ პრემიერისა და დღევადელი ხელისუფლებისთვის 90-იანი წლები მისაღებია? ღარიბაშვილის ფრაზას შეგახსენებთ კიტოვანის მისამართით: რა უნდა ამ კაცს, რას დადის ვერ გამიგიაო...?
_ღარიბაშვილის უპასუხისმებლო განცხადება, რომ 90-იანი წლების დანაშაულებების გამოძიება არ აინტერესებს, ნიშნავს შემდეგს - ანუ ხელისუფლების იარაღით დამხობა მისთვის სამართლიანი აქტია? სამართლიანად დევნიდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს შინ თუ გარეთ? სამართლიანად დააწიოკეს კიტოვანმა და იოსელიანმა სამეგრელო? რას ეუბნება პრემიერი დახოცილი ადამიანების ოჯახებს, მათ ვისი ახლობლებიც საპატიმროებში ამოალპეს, აქციებზე დახვრიტეს თუ ქვეყნიდან განდევნეს, რომ მისთვის ეს უმნიშვნელოა? კიტოვანი არის რეციდივისტი და რეციდივის ალბათობაც დიდია, თუ მას პასუხს არ აგებინებ. მან საჯაროდ აღიარა დანაშაული - თუ როგორ შეიძინა რუსული იარაღი და როგორ დაამხო ხელისუფლება, როგორ მოუსწრაფა სახელმწიფოს სიცოცხლე. ესაა უმძიმესი დანაშაული და კიტოვანმა თავის კრიმინალ თანამონაწილეებთან ერთად პასუხი უნდა აგოს.
_თავის დროზე კიტოვანი იყო გასამართლებული... თქვენი აზრით, კიტოვანის გააქტიურება ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს?
ის არ ყოფილა იმ მუხლით გასამართლებბული, რომელიც ხელისუფლების დამხობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, ამ ადამიანებს რომ კანონის წინაშე პასუხი ეგოთ ბევრ პრობლემას ავირიდებდით. მაგრამ როგორც ვხედავთ ღარიბაშვილის მთავრობას ეს არ აინტერესებს. მესმის პრემიერი იმ დროს პატარა ბიჭი იქნებოდა, მაგრამ აუცილებელი არაა უსამართლობა საკუთარ თავზე გამოსცადო, რომ ამით დაინტერესდე - მითუმეტეს ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.
დღეს პოლიტპატიმრის და პოლიტდევნილის სტატუსით მრავალი კრიმინალი სარგებლობს, რეალურად კი ასეთი დევნის მსხვერპლი ვინცაა ბევრს არც მოუთხოვია არანაირი სტატუსი და არც კომპენსაცია. წლების მანძილზე იმ ავადსახსენებელ 90-იანებში შინ არ გვძინებია, დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, თუმცა გერმანიის სასამართლომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭა და ამ სტატუსით შვიდი წელი იქ გავატარე.
_თქვენ ახსენეთ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ამნისტიის შედეგად იმატა კრიმინალმა, თავის დროზე ღარიბაშვილი, მისი შს მინსიტრობის პერიოდში საუბრობდა, რომ ერთდროულად ამდენი ადამიანის ციხიდან გამოშვება, შესაძლოა პრობლემა ყოფილიყო...
სამთავრობო გუნდისთვის პოლიტიკაში მოსვლამდე იყო ცნობილი თუ რას გამოიწვევდა ესოდენ მასშტაბური ამნისტია, ეს კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის გაზრდილი კრიმინალი მისაღებია.
ასევე მოხდა 90-იანებში - შევარდნაძის, კიტოვანის და სხვათა დასაყრდენი ძალა შეიარაღებული და აშვებული ბოროტმოქმედების ჯგუფი გახდა, დღესაც ვაწყდებით ქუჩაში ანგარიშსწორების, ამნისტირებულთა უკონტროლო ქმედებების, ცემის და დასახიჩრების ფაქტებს და ეს შემთხვევითი არ უნდა გვეგონოს. პრემიერმა და მისმა პატრონმა გასაგებად გვითხრა რომ ამას უნდა შევეგუოთ. ძალიან სიმბოლურია, კიტოვანი იარაღს ითხოვს, მე ისევ ქვეყნის გარეთ ვიმყოფები, მაგრამ ვაკეთებ საქმეს, იმის იმედით, რომ ეს რა თქმა უნდა უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში საქართველოს წაადგება.
ადამიანებს, ვისაც რამის კეთება შეუძლიათ დევნიან, კრიმინალები ქუჩაში დაძრწიან და ქვეყანაში ახალ ფასეულობებს ნერგავენ. ამიტომ, ღარიბაშვილს ვეტყოდი - თუ პრემიერმინისტრს ეს არ აინტერესებს, მე დავაინტერესებ. არის უამრავი დეტალი, რომელზეც მთავრობა თვალს ვერ დახუჭავს, რადგან ხალხი ამისთვის პასუხს მოსთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






