პარტია "ჩვენი საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნო პერიოდში შანტაჟსა და ტერორში დაადანაშაულა.
აღნიშნულ ბრალდებაზე საპასუხოდ „ნიუპოსტი“ ზვიად ძიძიგურს დაუკავშირდა. თუმცა, როგორც დეპუტატმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას ეროსი კიწმარიშვილი და ზოგადად ეს თემა არ აინტერესებს.
„ბევრნაირი ბრალდება მომისმენია ჩემი მისამართით, მაგრამ ტერორის და შანტაჟის შესახებ ბრალდება პირველად მოვისმინე, არ მქონია ბედნიერება მომესმინა ეროსისთვის და არც მაინტერესებს“,- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში ზვიად ძიძიგურმა.
ჟურნალისტის მცდელობაზე მოეხდინა ეროსი კიწმარიშვილის განცხადების ციტირება, დეპუტატმა აღნიშა:
„არ მაინტერესებს და ძალით რატომ მიყვებით? არ მიმაჩნია ეროსი ისეთ ფიგურად, რომ მაინტერესებდეს მისი რაღაცა ჭორიკნული ლაპარაკი, არ მაინტერესებს“.
"გუშინ ზვიად ძიძიგურმა ბრძანა, რომ თუ ჩვენ არ ავირჩევთ თურმე მის მხარდაჭერილ კანდიდატს ქალაქის მერად, ჩვენ ფულს არ მოგვცემს სახელმწიფო, ცენტრალური ბიუჯეტი. ეს არის ღია შანტაჟი და მუქარა. მე ვეუბნები ძიძიგურს, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც ქალაქის წინაშე უკვე 2012 წელს ჰქონდა აღებული და მეორე, მე ვპირდები ძიძიგურს, მერად არჩევის შემდეგ, ის აქ 24 საათი მუხლჩაუხრელად იმუშავებს და არა თუ იმას, რაც ვალდებულებად აიღო, იმაზე მეტს შევასრულებინებ, რისთვისაც ამ ხალხმა მას მხარი დაუჭირა. სხვა შემთხვევაში, ის ამ ქალაქში ვეღარ ჩამოვა", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






