რა მოხდა რეალურად გუშინ გვიან, ღამით გორის ცენტრალურ ქუჩაზე? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაგებას დღეს ყველა უშედეგოდ ცდილობს.
„ნიუპოსტი“ შეეცადა გაერკვია ის დეტალები, რომელსაც არასწრულწლოვანის ნათესავები საჯაროდ არ ყვებიან.
როგორც ,,ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი 14 წლის მოზარდი სახლიდან საღამოს 9 საათზე გავიდა, ოჯახის წევრებს კი უთხრა, რომ ის დაქალთან მიდიოდა, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს.
როგორც წყარო გვატყობინებს, გოგონამ სახლიდან გასვლისას მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინება (sms) გაუგზავანა, სადაც იგი წერდა, რომ ცხრიანებში (იმ კორპუსში, სადაც იგი უგონო მდგომარეობაში იპოვეს) მიდიოდა და მოგვიანებით მასაც გაუვლიდა, დაზარალებულმა მეგობარი გააფრთხილა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა.
„მიუწერია: ეხლა ცხრიანებში მივდივარ და მერე შენთანაც გამოვივლიო, ოღონდ არავის უთხრა, რომ ცხრიანებში მივდივარო. დაქალს უკითხავს ცხრიანებში რა გინდაო? პასუხად მიუღია: საქმე მაქვს და იცოდე, რომ ყველაზე ძალიან მიყვარხარო. დაქალი ამბობდა, ისეთი მესიჯი მომწერა, თითქოს მემშვიდობებოდაო, მერე კიდე ვწერდი, მაგრამ პასუხი აღარ მოუწერიაო, ნახევარ საათში კი პოლიციაც მოვიდა ჩემს დასაკითხადო.“
წყაროს მონათხრობიდან ისიც ირკვევა, რომ ამ დროს გოგონა შეყვარებულსაც წერდა, თუმცა გაგზავნილი და შემოსული შეტყობინებები წაშლილია.
დაზარალებულს სახეზე არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობა, ყელზე კი წვრილი თოკი ჰქონდა შემოხვეული.
,,ჩემი აზრით, ეგ ვინმეს შეხვდა იმ ბინაში, მერე ძალადობა დაუწყო, ანუ თოკი მოაბა ყელზე, ეს ან გამოექცა და გადმოხტა, ან გადმოაგდეს. საერთოდ ეჭვია, რომ შეყვარებულის ნამოქმედარია. ძირს ნათრევიც იყო, ერთ მხარეზე მთლიანად გასხეპილი აქვს გვერდი, მეორე მხარეზე არაფერი აქვს“, - ამბობს ,,ნიუპოსტის“ წყარო.
14 წლის გოგონა გორში ქალაქის ცენტრში ცხრასართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან გუშინ 22 საათსა და 40 წუთზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ყელზე თოკი ჰქონდა მობმული.
იგი გორის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. დღეს კი თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მედიკოსების თქმით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე კვლავ ემუქრება.
შსს-მ გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. დაზარალულის ოჯახი სამართალდამცავებს მოუწოდებს გამოძიება განძრახ მკვლელობის მუხლით აღიძრას, ისინი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ.
გიორგი ახალკაცი ,,ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






