საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
შეხვედრა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობასა და 2014 წლის შემდეგ "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (RS) მისიაში საქართველოს ჩართვაზე. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ალასანიას ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოს დემოკრატიული განვითარების და გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით და ასევე თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დაფიქსირებაზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






