ირაკლი ღარიბაშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმება შვეიცარიასთან ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის განვითარებისთვის მყარ იურიდიულ ბაზას შექმნის, რაც მისივე თქმით, თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
საქართველო-შვეიცარიას შორის "ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს, დიდიე ბურკჰალტერს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მედიატორის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. დიდიე ბურკჰალტერი თბილისს დღეს დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






