რატომ აირჩია ნინო ბურჯანაძემ დიმიტრი ლორთქიფანიძე მერობის კანდიდატად? ეს შეკითხვა ყველას მაშინვე გაუჩნდა. მით უფრო, რომ ბურჯანაძემ უარი უთხრა კახა კუკავას, რომელიც თავისი რეიტინგითაც და ცნობადობითაც კი, გაცილებით უფრო მომგებიანი ფიგურა უნდა ყოფილიყო.
ბევრმა ასეთი არჩევანი ნინოს პრორუსობას მიაწერა. დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავის ბიოგრაფიაში უწერია, რომ ის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის კადრების ინსპექტორი იყო 1992-94 წლებში, შემდეგ საქართველოს სამთავრობო დაცვის კადრების ინსპექტორი, აფხაზეთის შსს-ს შტაბის ინსპექტორი. კადრებში კი, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, მხოლოდ „გრუ“-ს აგენტურა ინიშნებოდა. შევარდნაძემ, თავის მხრივაც, რამდენჯერმე ღიად თქვა, რომ მოსკოვმა 90-იან წლებში მისგან ძალოვან უწყებებში აგენტურის დანიშვნა მოითხოვა. დანიშნეს კიდეც, შევარდნაძე აღიარებდა, რომ სხვა გამოსავალი მაშინ არ იყო, ეს ფაქტია.
სხვები დიმიტრი ლორთქიფანიძის ბიოგრაფიაში სხვა პოლიტიკურ ფრაგმენტებს აქცევენ ყურადღებას. საბოლოოდ, გიორგი თარგამაძეს მიაწებეს მოღალატის სტატუსი – გაერთიანებულ ოპოზიციას უღალატა და პარლამენტში მაშინ შევიდა, როცა პოლიტიკური დაპირისპირება კულმინაციას აღწევდაო.
მაშინ პარლამენტში შესულ ოპოზიციის ნაწილს სწორედ ნაციონალებთან გარიგებაში სდებდნენ ბრალს. კულუარებში ირწმუნებიან, რომ სწორედ ამიტომ თქვა გიორგი თარგამაძესა და ლევან ვეფხვაძეზე უარი ნინო ბურჯანაძემ. ესეც ფაქტია.
თუმცა, იგივე ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური ამნეზია აქვს დიმიტრი ლორთქიფანიძესთან მიმართებაში. დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მაშინ „გაერთიანებულ ოპოზიციას“ უღალატა. თანაც, თარგამაძე დამოუკიდებელ ოპოზიციად ჩამოყალიბებას ცდილობდა და შეეძლო, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიეღო, ლორთქიფანიძე კი „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, ის სალომე ზურაბიშვილის პარტიას ხელმძღვანელობდა. გია თორთლაძე იხსენებს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა პირველად პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება, სწორედ მან თქვა, არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთო.
– მე არ მიმაჩნდა ეს სწორ გადაწყვეტილებად, მე ვიყავი პირველი, ვინც შეკრებაზე ვთქვი: პარლამენტში აუცილებლად შევალ-მეთქი, შემოსვლა სხვებსაც უნდოდათ, მათ შორის, გუბაზ სანიკიძესა და კობა დავითაშვილს, მაგრამ შეეშინდათ. თქვეს, იტყვიან, მოღალატეები არიანო და თავი შეიკავეს, – ამბობს გია თორთლაძე.
სარწმუნო წყაროს ცნობით, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და კიდევ სხვა რამდენიმე პოლიტიკურ ფიგურას მოლაპარაკებები დავით ბაქრაძესთან ჰქონდათ. პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე შეხვდა დიმიტრი ლორთქიფანიძეს და ამ მოლაპარაკებებისა თუ გარიგების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება დიმიტრი ლორთქიფანიძემ. ის გია თორთლაძის ფრაქციაში შევიდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ამბიცია უფრო მეტი იყო, ამიტომაც თორთლაძეს გადაყენება დაუპირა. მას თავად სურდა ფრაქციის თავმჯდომარეობა.
რა თქმა უნდა, მაშინაც და ახლაც ის ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შევიდა ნაციონალებთან გარიგებას უარყოფს, თუმცა, მაშინაც და ახლაც ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ გარიგება შედგა და რომ მოლაპარაკებებს მათთან, მათ შორის, დავით ბაქრაძეც აწარმოებდა.
მასალის გამოყენების პირობები






