„აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებიდან ჩანს, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ასოცირების ხელშკრულებას არ დაუკავშირდება.
"ის, რაც აფხაზეთში ხდება ჩვენ ამას ვაკვირდებით უაღრესი ყურადღებით, რადგან ეს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიაა, არამედ იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები. მათი ინტერესების დაცვას ჩვენ ვართ მოკლებული ხელოვნურად. ამიტომაც, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ვითარდება იქ სიტუაცია. ნათლად ჩანს, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არანაირად არ დაუკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას და არ იქნება საშუალება, რომლითაც თითქოს გვპასუხობენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, რომლის პოლიტიკური სპექტრიც გაერთიანებულია იმისთვის, რომ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ეს არჩევანი არის ნათლად გამოხატული. მე არ ვფიქრობ, რომ ამ ფორმით იქნება მცდელობა ამ არჩევანისთვის დასჯის", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






