საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის კანცლერის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება.
მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველო კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს და შესაძლებელია მისი ნატო-ში გაწევრიანება MAP-ის გარეშეც მოხდეს.
"რასაკვირველია, შესაძლებელია ნატო-ში გაწევრიანება MAP-ის გარეშე. MAP-ი არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს ორი მექანიზმი, პირველია ნატო-საქართველოს კომისია, მეორე კი წლიური ეროვნული პროგრამა. ორივე ფორმატში ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ, აქედან გამომდინარე, საქართველო კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს და სრულიად შესაძლებელია, რომ MAP-ის გარეშეც მოხდეს მისი გაწევრიანება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ MAP-ის გარეშე რა მექანიზმით შეიძლება იყოს ასახული საქართველოს პროგრესი, მინისტრის თქმით, ამაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არასაჯაროდ.
"როგორც გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, არსებობს ბევრი გზა იმისთვის, რომ საქართველოში მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იყოს ასახული. თუ რა გზებია ეს, ამაზე ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, ეს ჯერჯერობით არ ექვემდებარება საჯარო განხილვას, ალიანსის წევრი ქვეყნები ამაზე მსჯელობენ. არსებობს სხვადასხვა საშუალებები, თუ როგორ შეიძლება ეს პროგრესი აისახოს და ეს აუცილებლად მოხდება უელსის სამიტზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






