„ეუთო-ს მისია საქართველოში აუცილებლად უნდა აღდგეს და შესაძლოა, ეს ახალი ფორმატები გამოყენებულ იქნას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დასაცავად“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიის პრეზიდენტს მედიაციისთვის, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში იკისრა.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა დინამიურად ვითარდება და პოზიტიური და მზარდი განვითარების მიმათულებით არის ორიენტირებული. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი იქნება ის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერება ინვესტიციების დაცვის თაობაზე და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, რიმ ის პირადად ესტუმრა იმ ხელოვნურ გამყოფ ხაზს, რომელიც აშენებულია ჩვენსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის და პირადად გაესაუბრა იმ მოქალაქეებს, ვისი ცხოვრებაც უაღრესად შელახულია ამ უაღრესად უხეში ჩარევით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
„ჩვენ ვისაუბრეთ არსებულ სირთულეებზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორც ეუთო-ს თავმჯდომარეს, ვესაუბრეთ იმ ახალ ფორმატებზე, რომლითაც ეუთო-ს მისია აუცილებლად უნდა აღდგეს საქართველოში. შესაძლოა, ეს ახალი ფორმატები გამოყენებულ იქნას სწრაფად იმისთვის, რომ მოხდეს არსებული პრობლემების მონიტორინგი და ადამიანის უფლებები როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში იყოს დაცული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






