საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში იმყოფებოდა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში, თურქ მესაზღვრეებსა და კირნათელებს შორის ნეიტრალური ტერიტორიის დახვნასთან დაკავშირებით ინცინდენტი წარმოიქმნა.
კიტოვანის თქმით, დარღვეულია ყარსის ხელშეკრულება და მოსახლეობას თურქმა მესაზღვრეებმა მიწის ნაკვეთების სარგებლობის საშუალება არ მისცეს.
"გუშინ, რომ გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი, წუხელვე წამოვედით, ბათუმში გავათენეთ ღამე და დღეს ამოვედით. მოსახლეობა აღშფოთებულია, დარღვეულია ყარსის ხელშეკრულება. ყველამ იცოდა, სად იყო თურქეთის საზღვარი და სად - საქართველოს. ეს დაარღვიეს მესაზღვრეებმა, გადმოწიეს საზღვარი და თურქეთის დროშა დაარჭეს ჩვენს საზღვრებზე. კონფლიქტური სიტუაცია იყო, მოსახლეობა ავტომატებით გამოყარეს თურქმა მესაზღვრეებმა", - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უნდა აჭარის მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება უნდა რეაგირებდნენ.
"ეს არ არის უბრალო საქმე, ხვალ და ზეგ შესაძლოა, მთლიანად აჭარა წაიღონ და ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ. ეგრეც ჩანს კიდევაც, ბათუმი გავსებულია თურქებით და ჩვენი მოსახლეობა განიცდის შევიწროებას. მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ცოტა ხანში აქ ყველა პატრიოტი ამოვა და დადგება, ვისაც თავისი სამშობლო და საქართველო უყვარს. ასე უბრალოდ არ არის, მიწები ჩამოგაჭრან. იძახიან სააკაშვილმა გაყიდა აქაურობა, რა უფლება ჰქონდა სააკაშვილს გაეყიდა აჭარის მიწა-წყალი. ამას შესაძლოა, უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ამის თქმა არ შეიძლება. შეიძლება, ეს დასაწყისია დიდი კონფლიქტური სიტუაციისა", - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






