“საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ იუსტიციის საბჭოს სხდომის 27 მაისის კენჭისყრის შედეგებს ეხმიანება.
აღნიშნულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს იუსტიციის საბჭოს 27 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასხვა რაიონში არსებულ 35 ვაკანტურ თანამდებობაზე, 94 კანდიდატიდან 10 მოსამართლე დაინიშნა.
“საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” ულოცავს ახლადდანიშნულ მოსამართლეებს ამ წარმატებას და მათ ღირსეულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებს.
“მოსამართლეთა ერთობა” აღნიშნავს, რომ განსხვავებით 2013 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებისგან, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნა გაცილებით დახვეწილი და კანონშესაბამისი პროცედურის დაცვით განხორციელდა.
კონკურსი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთა მიერ შემოთავაზებული წესის საფუძველზე ჩატარდა, რომლის თანახმად, თითოეული მოსამართლის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნა კანონით დადგენილი ქვორუმით, საბჭოს წევრთა 2/3-ით გადაწყდა. კონკურსის პრინციპის დაცვით მოსამართლეობის კანდიდატებს სათითაოდ ეყარათ კენჭი კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე.
“მოსამართლეთა ერთობა” მიესალმება იმ ფაქტს, რომ მოსამართლეთა კორპუსს ათი ახალი მოსამართლე შეუერთდა და იმედოვნებს, რომ საქმეთა სიმრავლე და მოსამართლეთა არსებული დატვირთულობა იქნება რა მიღებული მხედველობაში, გაიზრდება მოსამართლეთა საშტატო რაოდენობა და გარდა არსებული ვაკანსიების შევსებისა, ახალ საშტატო ადგილებზე მომავალში კვლავ დასაქმდება მრავალი იურისტი.
“მოსამართლეთა ერთობა” საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ უარყოფით გარემოებებზე, რომელთა არსებობა კვლავაც ადაბლებს საზოგადოებრივ ნდობას მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისას.
27 მაისის კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრობლემატურია საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების არარსებობის საკითხი, რაც სათანადო გულისხმიერების დეფიციტის პირობებში, მეტად ფართო დისკრეციის ფარგლებს ტოვებს და ზრდის აშკარა სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს. სამწუხაროდ, სასამართლოს მიღმა დარჩა ბევრი ღირსეული კადრი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები და ყოფილი თუ მოქმედი მოსამართლეები, რომლებსაც სამოსამართლო საქმიანობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ. ცალსახა ნეგატიური დამოკიდებულება გამოვლინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეთა მხრიდან იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც არ მალავენ და ღიად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე, მოსამართლეებზე, რომლებიც არ არიან გულგრილნი სასამართლო სისტემის შიგნით, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფ მოსამართლეთა „გაბატონებული“ მდგომარეობის, მათ მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მოსამართლეთა რანგებად დაყოფის,
პრივილეგირებულ მოსამართლეთა ჯგუფების არსებობის და ზოგადად მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობის მიმართ. სამწუხაროა, რომ თავად მოსამართლეთა მიერ არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არ მოინდომეს ინდივიდუალური არჩევანის გაკეთება და მხარი არ დაუჭირეს იმ კოლეგებს, რომელთა მიმართ, მათი განსხვავებული პოზიციის და პრობლემებზე ღიად საუბრის გამო, სასამართლო სისტემის მესვეურებს სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ. საბჭოს წევრ მოსამართლეთა მხრიდან, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ამგვარი დამოკიდებულება სისტემის ინსტიტუციონალურ განვითარებას უშლის ხელს.
გამართული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას აბრკოლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა მხრიდან გამოვლენილი მიდგომა ისეთი მნიშვენლოვანი და დღეისათვის განსაკუთრებული აქტუალობის მქონე საკითხებისადმი, როგორიცაა მოსამართლეთა შტატების გაზრდა, მოსამართლეთა მივლინება და რეზერვში მყოფ მოსამართლეთა დასაქმება. ამ პრობლემატურ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მიმდინარე წლის 21 მაისისათვის მოიწვიეს საბჭოს სხვა წევრები სხდომაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა მოსამართლე წევრის გამოუცხადებლობის გამო სხდომა ვერ შედგა. მოსამართლე წევრთა მხრიდან სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად იმ არგუმენტის დასახელება, რომ სხდომა თავმჯდომარის ან საბჭოს მდივნის მიერ არ ყოფილა მოწვეული, კრიტიკას ვერ უძლებს. თავის ამგვარად გამართლება უფრო დემარშია, ვიდრე მიზეზის დასახელება და კანონის უგულებელყოფის გარდა, სასამართლო კორპუსისადმი უპატივცემულობას გამოხატავს.
სამწუხაროა, მაგრამ აშკარა აუცილებლობა გვაიძულებს შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ მათთვის მინიჭებული კომპენტენციის ფარგლებში. კომპენტენცია უფლებებთან ერთად ვალდებულებათა არსებობასაც გულისხმობს და ყველა უფლება, რომელიც აქვს ამა თუ იმ თანამდებობის პირს განკუთვნილია იმისათვის, რომ აღსრულდეს ვალდებულებები. სხვაგვარად უფლებათა გამოყენება სცილდება კომპენტენციის ფარგლებს და თვითნებობას, პასუხისმგებლობისაგან გაქცევას ემსგავსება. მოსამართლეთა ერთობა კვლავ იტოვებს იმედს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებში არსებობს მათთვის მინიჭებული მანდატის შესაფერისი პასუხისმგებლობა, უნარი იმისა, რომ დამოუკიდებელი და ობიექტური მიდგომით, პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით ემსახურონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას", - აღნიშნულია "მოსამართლეთა ერთობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






