ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიუცემლობით ალიანსმა სავალალო შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის , - ამის შესახებ ლიტვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩენემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
იუკნევიჩენე მიიჩნევს, რომ ალიანსმა საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია, რომ საქართველოს უელსის სამიტზე MAP-ი მიენიჭოს, ყურად უნდა იღოს.
"თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ დეკლარაცია ლიტვის დელეგაციის წინადადებით მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატო-ს ვერ "ავალდებულებს", გზავნილს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი უკვე "მაგიდაზე დევს", უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, ლიტველები, თქვენ გვერდით ვართ და გვჯერა, რომ ნატო-მ არ უნდა გადაუხვიოს გაფართოების პროცესს და ყურად იღოს იმ კანდიდატი ქვეყნების სურვილი, ვისაც ალიანსში გაწევრიანება სურს. სწორედ ეს არის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის არსი... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის. მთავარი არგუმენტი, რომლის გამოც მაშინ საქართველოს უარი უთხრეს – არ მოგვეხდინა რუსეთის პროვოცირება – აშკარაა, რომ უსაფუძვლო გამოდგა. რუსეთი ალიანსის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშეც დაესხა თავს საქართველოს. შედეგად, საქართველო MAP-ის გარეშეც დარჩა და რუსეთის აგრესიაც იწვნია. აი, ამიტომ ვთვლით, რომ ახლა უკვე აუცილებელია, საქართველოსკენს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ისეთებიც არიან, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებენ – დეკლარაცია ერთხმად, ყველას მოწონებით არ მიღებულა. თუმცა მათი მცდელობები, დეკლარაციაში ზოგიერთი შესწორება შეეტანათ, მარცხით დასრულდა", - აცხადებს რასა იუკნევიჩენე.
მისი განმარტებით, საქართველო ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად, მათ შორის სავარაუდო იმედგაცრუებისთვისაც.
"მიუხედავად ამ პოზიტიური გზავნილისა, წინ საკმაოდ მწვავე ბრძოლები გელით. ვითარებას საღი თვალით შეხედეთ – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, მიუხედავად მისი სტატუსისა, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა ძალუძს... რაც შეეხება უელსის სამიტს, დარწმუნებული ვარ, MAP-ით თუ MAP-ის გარეშე, საქართველოსკენ კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული. თქვენ ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად, მათ შორის - სავარაუდო იმედგაცრუებისთვისაც", - განმარტავს რასა იუკნევიჩენე.
მასალის გამოყენების პირობები






