თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების რეაქცია, აფხაზეთში თურქი ტუროპერატორების ვიზიტის შესახებ, მკვეთრად უარყოფითია:
“ხელისუფლების პოზიცია მკვეთრად უარყოფითია და არის შესაბამისი გაფრთხილებები ყველა სახის არასამთავრობო ორგანიზაციის თუ კერძო სექტორის მიმართ, რომ თავი აარიდონ აფხაზეთის ტერიტორიაზე არაკანონიერი გზით შესვლას, იგულისხმება რუსეთი, ამიტომ მე ვეჭვობ, რომ ამ თუნდაც გარკვეულმა მცდელობებმა, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციასაც ეწინააღმდეგება და თავად თურქეთის ხელისუფლების დეკლარირებულ პოზიციასაც, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს”, - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქი ტუროპერატორები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში მათ ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. „აპსნი პრესის“ ინფორმაციით თურქი სტუმრები ადგილობრივი ტუროპერატორების საქმიანობას გაეცნენ.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მიზანი აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის შესწავლაა.
სოხუმში ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებით თურქი ტუროპერატორების მონაწილეობით გუშინ კონფერენციაც გაიმართა, რომელზეც ტურისტული ბიზნესის შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
მასალის გამოყენების პირობები






