ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვილნიუსში, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ შეესრულებინა საჭირო კრიტერიუმები ნატო-ს წევრობისთვის:
"მართლაც, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ბოლო პერიოდში, მათ შორის, სამაგალითო არჩევნები, სასამართლო სისტემის რეფორმა, თავდაცვის სისტემის რეფორმა, ასევე საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში. საქართველომ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ შეესრულებინა საჭირო კრიტერიუმები ნატო-ს წევრობისთვის და რა თქმა უნდა, ეს ბადებს სამართლიან შეკითხვას, თუ რას ელოდება საქართველო მიმავალი სამიტისგან? მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ოთხი ასპირანტი ქვეყნის შეფასების პროცესში ვიმყოფებით. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრი შეფასების რაპორტებს ივნისის ბოლოს, მათი მიღების შემდგომ, განიხილავს და ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისთვის ჩვენ მივაღწევთ კონსენსუს იმაზე, თუ რა ფორმით ამოქმედდება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა შემდგომ სამიტზე. ჩემი პირადი ხედვა კი ამ საკითხთან მიმართებაში ასეთია - მიღწეული პროგრესი ამა თუ იმ სახით, აუცილებლად უნდა იქნას შეფასებული ამ სამიტზე," - განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები






