Wall StreeT Journal საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის სტატიას აქვეყნებს, პეტრიაშვილის განცხადებით, პუტინის შესაჩერებლად საქართველო ნატო-ს უნდა დაუახლოვდეს.
"2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ტერიტორიების ერთი მეხუთედის ოკუპირება მოახდინა. საქართველოს წილად ხვდა საეჭვო "პატივი", გამხდარიყო მოსკოვის ამბიციების გამოსაცდელი პრეცედენტი, რომ ძალისმიერად აღედგინა გავლენა ყოფილ ვასალ სახელმწიფოებზე. დასავლეთის მდუმარე თანხმობის წყალობით, რომელმაც აღიარა საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, რუსეთს ეყო გამბედაობა და მას შემდეგ, ნელ-ნელა განამტკიცა თავისი ყოფნა და აგრესია რეგიონში, რამაც ყირიმის ანექსიამდე მიგვიყვანა.
ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ჩარევისთვის საფასური მაღალი და გრძელვადიანი უნდა იყოს, არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სანქციებით, არამედ უნდა მოახდინოს გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ცვლილების სტიმულირება. ასეთი ცვლილებისთვის, ნატო-მ ახალი მზერა უნდა მიაპყროს საქართველოს.
ვიდრე რუსეთი დაუსჯელი დარჩა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის, კრემლისთვის ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო შეჭრის გრძელვადიანი შედეგები. საქართველოს უკან, რუსეთის კალთის ქვეშ დაბრუნების ნაცვლად, ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ქართველებს უბიძგა, მტკიცედ აერჩიათ დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან ერთად.
რუსეთის გაზრდილი ზეწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევით, ნოემბერში საქართველომ გააფორმა პოლიტიკური და სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, გააკეთა ყველაფერი საბოლოო რეფორმების გატარების დასაჩქარებლად, ნატო-ს მოთხოვნების შესასრულებლად. 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირისთან ასოცირების შეთანხმებას, რაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას გარდაუვალს გახდის.
ახლა უკვე აშკარაა, რომ საქართველო რუსეთისთვის უიმედობის მიზეზია. მაშინ, როცა დასავლეთი განიხილავს, თუ რა არის უკრაინის კრიზისის გადაჭრის საუკეთესო გზა, ერთი ნაბიჯი ცხადი უნდა იყოს: საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, შემდეგი ნაბიჯი გადადგას ნატო-ში სრული წევრობისკენ.
ნატო-ს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თავი შეიკავოს აშკარა შემდგომი ნაბიჯების გადადგმისგან საქართველოსთან ერთად, რეგიონში აღიქვამენ ალიანსში კონსესუსის ნაკლებობად, სისუსტედ და რუსეთისეთვის "მწვანე შუქის" ანთებად - წამოიწყოს მომავალი აგრესია.
საქართველოსთვის ნატო-ში ურთიერთობების განახლების გარანტია, ალიანსისთვის უნიკალურ შესაძლებლობა იქნება რეგიონში საკუთარი თავის ხელახალი განტკიცებისა და ნდობის მოპოვებისთვის. ვერანაირი ზეწოლა – ვერც შემოჭრა და ვერც გრძელვადიანი ოკუპაცია, ვერ აიძულებს საქართველოს, გადაუხვიოს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.
ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში დღემდეგ ბევრი ვერ ამჩნევს იმ სარგებელს, რაც დემოკრატიზაციასა და ლიბერალიზაციას მოაქვს. საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პროგრესი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში ნატო-სა და დასავლეთის მიერ დაჯილდოებული იქნება.
2005 წელს ვლადიმერ პუტინმა სინანულით აღნიშნა, რომ "საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეპოლიტიკური ტრაგედია იყო". საქართველოში განსხვავებული თხოვნა გვაქვს. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მზად ვართ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ის ერა დიდი ხანია, დასამარდა და მიუხედავად უკრაინაში დროებითი რეგრესისა, რეგიონის მომავალი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






