“თუ გამოვლინდა, რომ რომელიმე პარტიის წევრზე ზეწოლა იყო ვინმეს მხრიდან, ამაზე მკაცრი რეაგირება მოხდება”, - ამის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარემ თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„თითოეული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, ჩემოდის უწყებათაშორის კომისიაში. ჩვენ ვმართავთ გასვლით სხდომებს, რომელზეც აღნიშნულ საკითხებს განვიხილავთ. გუშინ გვქონდა სხდომა ხარაგაულში. თითოეული მოწოდებული ინფორმაცია გადაცემულია პროკურატურისთვის, რომელიც აწარმოებს ფაქტების დადგენას და თუ რომელიმე შემთხვევაში გამოვლინდება, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა ვინმეს მხრიდან, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მკაცრი. ჯერ–ჯერობით ფაქტები დადგენის პროცესშია“– განაცხადა წულუკიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. არასამთავრობოს წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე საკუთარი კანდიდატურა ზეწოლი შედეგად 32-მა კანდიდატმა მოხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






