იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, კონგრესის წევრები საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.
თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დელეგაციის წევრები 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებსაც აკვირდებოდნენ.
"ამდენად მათ შეუძლიათ იმსჯელონ, თუ რა გზით ვითარდება ქართული დემოკრატია და რამდენად მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს 2014 წლისათვის. აბსოლუტურად შეცვლილია სიტუაცია, ოპოზიციურ ძალებს არა მარტო თავისუფალი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა აქვთ, არამედ შეუძლიათ, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში თავიანთი ბანერების გამოკვრით ხმა მიაწვდინონ ამომრჩეველს, თუმცა ვისაუბრეთ იმაზეც, რა უნდა გაუმჯობესდეს მომავალში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, საჭიროა კიდევ მეტი მუშაობა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობები პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური პროცესისგან გაიმიჯნოს. თეა წულუკიანის განცხადებით, 15 ივნისის არჩევნები უპრეცედენტოდ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაციის დამკვირვებლები კი ქვეყანაში 11 ივნისს ჩამოვლენ.
მასალის გამოყენების პირობები






