ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებით 128-ჯერ იმყოფებოდნენ. გასული წლის განმავლობაში ოფიციალურ ვიზიტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 1 857 452.22 ლარი დაიხარჯა. ამ თანხის 82 პროცენტი – 1 533 222.35 ლარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე მოდის.
საქართველოს ექსპრეზიდენტი გასულ წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ 41 ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც მიღებული საჯარო ინფორმაციით გახდა ცნობილი, „ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის #14/09/10 განკარგულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. სწორედ აღნიშნული განკარგულებით დაწესდა საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი 2013 წლის ვიზიტების უმეტესობისთვის, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულად ძვირადღირებული ვიზიტისას – საბერძნეთში, ავსტრიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სინგაპურში, აშშ-სა და იტალიაში.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ქვეყნის ბიუჯეტის მიზანმიმართულ განკარგვასთან დაკავშირებით კითხვები ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული სასტუმროს ხარჯების შემთხვევაშიც ჩნდება.
„განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არა იმდენად ნომრების საფასური, რამდენადაც გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი ოდენობა. 2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხამ ჯამში დაახლოებით 362 000 დოლარი შეადგინა. მათ შორის ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი, სახელმწიფო ბიუჯეტს აშშ-ში პრეზიდენტის ცხრადღიანი ვიზიტი დაუჯდა. აშშ-ის ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა, იყო სასტუმრო „PeninsulaNew York“, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3 500 დოლარი გადაიხადა. სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი.
აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი)“, -- აცხადებენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი იმავე სასტუმროში მეორედაც გაჩერდა და ერთ ნომერში 950 დოლარი გადაიხადა. ამას გარდა, ჯამში 2521,26 დოლარია გადახდილი – გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ხსენებულ სასტუმროში ორი გაჩერებისას: 28-30 აპრილსა და 2-3 მაისს პრეზიდენტმა 15 721.26 დოლარი გადაიხადა.
„მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდ სასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა 950-დან 3500 დოლარამდე მერყეობს, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2 400 დოლარია. შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები მაქსიმუმ 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დიდი რაოდენობის გამო მთლიანობაში გადახდილია 43 804.74 დოლარი – თითქმის ორჯერ მეტი. განსაკუთრებით საინტერესოა ქალაქ სედონას „Enchantment resort“-ის შემთხვევა, სადაც 25-დან 27 აპრილამდე ოთახის ხარჯმა 2 328,94; ხოლო დამატებითმა გადასახადებმა 4,25-ჯერ მეტი – 9 899,35 დოლარი შეადგინა“, -- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამავე ცნობით, 2013 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტით ხუთჯერ იმყოფებოდა. „IDFI-მ“ დეტალური ინფორმაცია ორი ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ გამოითხოვა, რომლებიც 26-27 მაისსა და 20-24 ივლისს შედგა. აღნიშნული ვიზიტებისას ქვეყნის ყოფილი პირველი პირი სასტუმროში -- „One and Only royal Mirage jumeira beach“-- გაჩერდა. 2013 წლის 26-27 მაისის ვიზიტი დუბაიში სახელმწიფო ბიუჯეტს სულ დაახლოებით 33 000 დოლარი დაუჯდა. რაც შეეხება დუბაიში 2013 წლის ივლისის ვიზიტს, მისმა მთლიანმა ხარჯმა დაახლოებით 25 000 დოლარი შეადგინა, საიდანაც სასტუმროს ხარჯი დაახლოებით 12 500 დოლარი იყო. დუბაიში ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირით გაემგზავრა სინგაპურში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 41 000 დოლარი გამოიყო. სინგაპურში ყოფნისას სასტუმროში განთავსება დაახლოებით 21 300 დოლარი დაჯდა. რაც შეეხება რომის 15-16 ივნისის ვიზიტს, იქ მიხეილ სააკაშვილმა სასტუმროში -- 7 000 დოლარი გადაიხადა. ავსტრიაში ყოფილი პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 11 200 დოლარი გადაირიცხა, საიდანაც სასტუმროს ხარჯმა 6 200 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საბერძნეთში ვიზიტს, მისი მთლიანი ხარჯი დაახლოებით 9 500 დოლარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






