"ის, რაც ხდება დღეს სოხუმში, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს, მითუმეტეს იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. სოხუმში მიმდინარე პროცესი, იქ გაჟღერებული მოთხოვნები, რომ აფხაზეთმა უნდა აირჩიოს რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის ზრდა, ის ფაქტი, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე პირდაპირ ითხოვს ეთნიკურად ქართველების გასახლებას აფხაზეთიდან, ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში ჩასვლას აპირებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე – ყველაფერი წარმოშობს სამწუხაროდ ძალიან რეალურ ეჭვს, რომ პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იგივე სცენარით, რა სცენარიც გამოყენებული იქნა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში, კერძოდ, ვითომდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროცესი მიდის საქართველოს ამ კუთხის რუსეთთან საბოლოოდ მიერთების და ანექსირების მიმართულებით", - განაცხადა დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართული პრესკონფერენციის დროს.
ბაქრაძის აზრით, ეს არის რეალური საფრთხე, რომლის თავიდან ასაცილებლად ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დეპუტატმა ხელისუფლებას მოუწოდა, დღესვე დაიწყოს აქტიური მუშაობა ყველა უცხოელ პარტნიორთან, რათა მინიმუმზე იყოს დაყვანილი რისკი რუსეთის მიერ აფხაზეთის შეერთების მცდელობისა.
"მე მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტოს უმოქმედოდ და ინერტულად ყოფნა და დღესვე დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ასეთი საფრთხე მინიმუმანდე იქნას დაყვანილი. მე მესმის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში პირდაპირი ჩარევის რესურსი არის ძალიან შეზღუდული, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მთავარი რესურსი – დიპლომატიური ზემოქმედება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები", - განაცხადა ბაქრაძემ.
"გამოვხატავ განსაკუთრებულ შეშფოთებას იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ემუქრება იქ მცხოვრებ ადამიანებს და განსხვავებით ერთი ჩვენი მინისტრისგან, მე არ დავყოფ მათ გალში და გუდაუთაში მცხოვრებ ადამიანებად. ყველა ვინც ცხოვრობს აფხაზეთში არის ჩვენი მოქალაქე და მთლიანად აფხაზეთი არის საქართველოს კუთვნილი მიწა", - აღნიშნა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






