,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ,,ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს.
,,საქართველოს ისტორია ერთ რამეს გვასწავლის: ქართველ ხალხს მორჩილებაში არასოდეს უცხოვრია - ან იყო თავისუფალი და ძლიერი, ან იბრძოდა თავისუფლებისთვის. თავისუფლება მის შეგნებაში არასოდეს გამქრალა, ის იყო ნამდვილიც და წარმოსახვითიც.
ეროვნული სახელმწიფოს იდეა იმდენად ძვირფასი იყო ქართველი კაცისთვის, რომ ამ იდეის განმტკიცების გზაზე მტრის სიდიდე და რიცხოვნობა მნიშვნელობასაც კარგავდა. ეს რომ ასე არ იყოს, საქართველო როგორ უნდა შებმოდა რუსეთს? ეს მავანთათვის შესაძლოა უშედეგო იდეალიზმად ჩანდა და ჩანდეს კიდეც, მაგრამ საქართველო ამ კანონებით ცხოვრობდა. ჩვენი თავისებურებაც ამაშია.
თავისუფლების ქართული ლოგიკა სწორედ ესაა, და ამან მიგვიყვანა 26 მაისამდე!
სულ პირველი 26 მაისი 117 წლიანი რუსული ბატონობის დასასრული იყო, მცირე დროით, მაგრამ საფუძველი მომავალი ბრძოლებისა. არც იმ 117 წლის მანძილზე და არც შემდგომი წლების რუსული ბატონობის დროში არ შეწყვეტილა ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაბრუნებისთვის.
დღეს საქართველოს თავისუფლება წარმოსახვიდან ნამდვილშია. სინამდვილეა თავისუფლებაც და სინამდვილეა მისი გაფრთხილების აუცილებლობაც, რაზეც პასუხისმგებელი დღეს ჩვენ ვართ, ის თაობა, რომელმაც თითოეული ჩვენგანის მხრებზე ვიწვნიეთ რუსული ბატონობის სიმწარეც და თავისუფლების სიხარულიც.
ამიტომაც გვმართებს ჩვენ პასუხისმგებლობა ჩვენი ისტორიის, ერისა და სახელმწიფოს წინაშე, განურჩევლად პოლიტიკური სხვადასხვაობისა, ვიდგეთ იქ, სადაც ამას 26 მაისის ღირსება და თავისუფლების იდეა მოითხოვს. ვიყოთ 26 მაისის ჯარისკაცები და არა 25 თებერვლის სალდათები!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - წერს ედპ-ს ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






