რაც არ უნდა გვემძიმებოდეს დღევანდელი სურათი, ერთმანეთის რწმენითა და ამ ბრძოლაში გარდაუვალი გამარჯვების რწმენით ვიზეიმოთ, - საპალამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ,,ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.
გულითა და სულით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ, ამ დამოუკიდებლობის დაცვისა და საბოლოოდ განმტკიცებისთვის, ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლის ერთობლივ გაგრძელებას. გისურვებთ, საქართველოს მთავარი დღესასწაული იმ პომპეზურობით აღინიშნებოდეს, რომელსაც ის იმსახურებს. გისურვებთ, მეზობლის შიშით საკუთარი ჯარის და თითოეული ჯარისკაცის დაფასებაზე უარი აღარ გვეთქვას. გისურვებთ, მავთულხლართების იქეთ დარჩენილებს საქართველოს პრეზიდენტი არა მხოლოდ ემოციების არშენელებას, არამედ სიტუაციის შესაცვლელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პირდებოდეს. გისურვებთ, ქვეყნის პირველ პირთა ავტორიტეტის გასამყარებლად მათი გვარ-სახელების გამოცხადებისას გრძელი რრრრრრ და კბილების ღრჭიალი საჭირო აღარ იყოს. გისურვებთ, ზეიმის მთავარი ექსპონატი იყოს არა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვერტმფრენი, რომლის მეშვეობითაც მოხდა მავნებელ მწერებთან გამკლავება, არამედ სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებისთვის ბრძოლებში გამობრძმედილი სამხედრო ტექნიკა. დგეს ყველა ამბობდა: უნდა გვახსოვდეს! ხოდა, პირველ რიგში ის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორად მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი დაკნინების გამო გაძლო იმ სანატრელმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამი წელიწადი. ეს გვახსოვდეს და რაც არ უნდა გვემძიმებოდეს დღევანდელი სურათი, ერთმანეთის რწმენითა და ამ ბრძოლაში გარდაუვალი გამარჯვების რწმენით ვიზეიმოთ. დღეს ხომ ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
მასალის გამოყენების პირობები






