საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ქ. კიევში საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ოფისში ადგილობრივ და უცხოურ მედიას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შედეგები გააცნო და უკრაინულ ხალს წარმატებული არჩევნების ჩატარება მიულოცა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მიესალმა მონიტორინგის მსვლელობისას გამოვლენილ ამომრჩევლის მაღალ აქტიობას საარჩევნო უბნებზე და აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი ნება ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
დავით საგანელიძემ ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რომლებიც მონიტორინგის დროს დაფიქსირდა : „თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენმა მისიამ გამოავლინა ტექნიკური და არა პოლიტიკური ხასიათის ხარვეზები, რაც მაძლევს შესაძლებლობას განვაცხადო, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები შედგა“ - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
დავით საგანელიძის თქმით მას, როგორც “PABSEC”-ის ვიცე-პრეზიდენტს დაევალა უახლოეს დღეებში ასამბლეის წევრებთან ერთად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიშის მომზადება, რომელშიც აისახება ყველა ის ხარვეზი, რომელიც დააფიქსირა “PABSEC”-ის მისიამ.
„არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე ჩვენი ასამბლეა შეადგენს რეკომენდაციებს, რომელიც შემდგომ გაეგზავნება უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ოფისში პრესკონფერენციის მსვლელობისას უკრაინული მედიის წარმომადგენლებმა დავით საგანელიძეს შეკითხვები დაუსვეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დაინტერესდნენ რუსეთთან მიმართებაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ პარალელებზე.
დავით საგანელიძე PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ქ. კიევში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






