რუსთავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკმა „ქართული ოცნება“ რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება“ მშვიდ და თავისუფალ გარემოში წინაარჩევნო კამპანიის ჩატარების პრინციპის ერთგულია. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ არეულობასა და ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ასეთი შემთხვევები გამოწვეულია პოლიტიკური ოპონენტების პროვოკაციული ქმედებებით.
სწორედ ამიტომ, 24 მაისს ქ. რუსთავში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკმა რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სამწუხაროდ, ოპონენტების პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებას. ჩვენს მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას შეუწყონ ხელი. ასევე, მოვუწოდებთ ოპონენტებსაც, თავი შეიკავონ დესტრუქციული გამოხტომებისგან, ჩადგნენ პოლიტიკური ბრძოლის კონსტრუქციულ რეჟიმში და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიიღონ ის შედეგი, რასაც ქართველი ხალხისგან იმსახურებენ”, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






