ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას „ფეისბუქზე“ ეხმაურენა. მინისტრს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს თუ რატომ უნდა მოინდომოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს თავდაცვითი სისტემების განლაგება.
„რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით: 1. რუსეთმა 2008 წელს დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი, ჩვენს მიწა-წყალზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი საოკუპაციო ჯარები განალაგა. ყოველდღიურად, სომალელი მეკობრეების მსგავსად, რუსი სამხედროები იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, ავლებენ მავთულხლართებს, არ უშვებენ ხალხს სალოცავებთან და საფლავებთან. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირება და განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს სუვერენული ქვეყნის - უკრაინის ტერიტორიაზე. სწორად ამიტომ და ბევრი კიდევ სხვა მიზეზის გამოისობით, როდესაც საოკუპაციო ჯარები დგას დედაქალაქიდან 40 კმ-ის დაშორებით, არათუ მისასალმებელია, არამედ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია დააყენოს თავდაცვითი, ხაზს ვუსვამ - თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი ჩვენი პარტნიორების წინაშე შესაბამის ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. 2. საქართველოდან რუსეთში პროდუქციის შეტანა ნამდვილად არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარულ აქციას ან კეთილგანწყობის ჟესტს კარგი მოქცევისთვის. 23 მილიონ ბოთლ ღვინოს ჩვენი ხათრით ერთმორწმუნე რუსები ნამდვილად არ სვამენ და არც ერთი მაგდენი ბორჯომი ენატრებათ დილაობით ტყუილად. ვერც ემბარგოთი შეაშინებს დღეს ვერავინ საქართველოს. ევროკავშირის მზაობა ყოველმხრივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის სულ უფრო მეტად გამოკვეთილია კონკრეტულ ქმედებებში. ასე იქნება მომავალშიც. 3. ასოცირების ხელმოწერის მერე, მართლაც, შესაძლოა, რომ გადასახედი გახდეს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ არა ხელების ამოგრეხვით და შანტაჟით, არამედ ორ სხვადასხვა სავაჭრო სისტემაში, უფრო ზოგადად კი ღირებულებათა სისტემაში მყოფი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე. ასეთი ტიპის განცხადებები არათუ გვაშფოთებს, არამედ, პირიქით, გვაძლიერებს, ჩვენს მეგობრებს კი კიდევ უფრო მეტად აფხიზლებს. წარმატება ძალიან ახლოს არის და ჩვენ მას აუცილებლად ვიზეიმებთ 27 ივნისს, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას“,– წერს პეტრიაშვილი „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






