პრემიერ-მინისტრი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით რუსეთის ოფიციალური პირები ასოცირების ხელშეკრულების პროცესში არ ჩაერევიან.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა ნორმალურია და არ ღირს სიტუაციის დაძაბვა.
„ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ამ მოკლე დროში რუსეთთან ურთიერთობების რეალური დალაგება მოვახერხეთ და იმ დაძაბულობის დეესკალიზაცია მოვახდინეთ, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთი ადეკვატურად აფასებდა ადა აფასებს. გვაქვს თანმხვედრი ნაბიჯები და მე ყოველთვის მივესალმები მათ პოზიტურ და კონსტრუქციულ პოლიტიკას. მოვისმინეთ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ისინი ასოცირების ხელშეკრულების პროცესში არ ჩაერევიან. ეს კიდევ ერთხელ მისასალმებელია. გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ დამატებით პროდუქციაზე მოიხსნება ემბარგო. აქედან გამომდინარე, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესება და პოზიტიური დინამიკა. დამატებით, ნუღარ დავძაბავთ სიტუაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არასასურველად მიიჩნევს და ოფიციალურ თბილისს დაფიქრებისკენ მოუწოდებს. ლუკაშევიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათვითცნობიეროს ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგები.
მასალის გამოყენების პირობები






