არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ სამინისტროსგან გამოითხოვეს 2013 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია. თუმცა მათი თქმით, ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა IDFI-ის ინფორმაცია არ მიაწოდა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი ბადებს ეჭვებს იმის შესახებ თუ რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს აღნიშულ დაწესებულებაში სახელმწიფო ფინანსების განკარგვა.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გაუმჭვირვალედ და არა ანგარიშვალდებულად საქმიანობას ადასტურებს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე დეპარტამენტის ვებ-გვერდზე „საჯარო ინფორმაციის“ გვერდის შექმნას და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისგან თავის არიდება და მთავრობის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნების ვალდებულების არ შესრულება, ასევე ბოლო დროს მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიალური თანხების შესახებ, ბადებს ეჭვებს იმის შესახებ თუ რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს აღნიშულ დაწესებულებაში სახელმწიფო ფინანსების განკარგვა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ:
1) უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად ნებისმიერ მოქალაქისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
2) უზრუნველყოფილი იქნას დეპარტამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება;
3) უზრუნველყოფილი იქნას დეპარტამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტის დამკვიდრება.
ვფიქრობთ, რომ 2013 წლის დეკემბრის თვეში დიდი ოდენობის პრემიების გაცემის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამდებობის პირთა შორის არსებული მოლოდინი იმისა, რომ ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის. ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ სამინისტროს მიერ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






