თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემბელს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკელი გენერალი საქართველოში ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა მე-8 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა.
მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ გენერალ-ლეიტენანტს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების საკითხებში აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებით აღნიშნა ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირობების გაუმჯობესება და დაჭრილ სამხედროებზე ზრუნვის პროგრამა.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და 2014 წლის შემდეგ მისიაში "გადამწყვეტი მხარდაჭერა" საქართველოს ჩართვა. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ გენერალს ევროკავშირის ეგიდით ქართული ქვედანაყოფის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ასევე, ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს.
მასალის გამოყენების პირობები






