საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია. საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წინააღმდეგ წინასწარ გამოქვეყნებულ სიას სამი ფეხბურთელი გამოაკლდა. ტრავმების გამო ნაკრებს დავით თარგამაძე და ავთანდილ ებრალიძე ვერ დაეხმარებიან.
გიორგი ფოფხაძე კი "იაგელონიას" გადაწყვეტილებით, პოლონეთის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების ჩასატარებლად კლუბში რჩება.
ამ ფაქტის გამო, თემურ ქეცბაიამ იძულებითი ცვლილებები განახორციელა: გუნდს "დინამო თბილისის" წევრი გიორგი ხიდეშელი და "ანორთოსისის" ქართველი ლეგიონერი შოთა გრიგალაშვილი დაემატნენ.
კიდევ ერთი ფეხბურთელის ვინაობა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ჯანო ანანიძე და გიორგი ჭანტურია მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებენ.
საქართველოს ნაკრები 23 მაისს ესპანეთში გაემგზვრება, სადაც 29 მაისს საუდის არაბეთს შეხვდება. 3 ივნისს კი შვეიცარიაში ჩვენი ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების წინააღმდეგ ითამაშებს.
მასალის გამოყენების პირობები






