საქართველოს პრემიერ-მინისტრს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებენ. აღნიშნული საკითხის შესასწავლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იუსტიციის სამინისტროს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილით მიმართა.
საქმე ეხება 2014 წლის 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ პოლიტსაბჭოს, სადაც განხილული იქნა საკრებულოს წევრობის, თბილისის მერობის და გამგებლობის კანდიდატები.
საპარლამენტო უმცირესობის აზრით, სახელისუფლებო პარტიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს შენობა-ნაგებობა პარტიული საქმიანობისთვის გამოიყენა, რაც საქართველოს ორგანული კანონით იკრძალდება.
„საქართველოს ორგანული კანონის" საქართველოს საარჩევნო კოდექსის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება. საგულისხმოა, რომ პოლიტსაბჭოში მონაწილე პირების უმეტესობა მინისტრებს წარმოადგენენ, შესაბამისად საქართველოს კანონის 61-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისთვის“.
,,საქართველოს ორგანული კანონის" საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი „წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვაში.
იმ შემთხვევაში, თუ პრემიერის მხრიდან კანონდარღვევა დადასტურდა ჯარიმის სახით, მას 1000 ლარის, ხოლო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ – 2000 ლარის გადახდა მოუწევს.



მასალის გამოყენების პირობები






