“ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები”, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ვესტერლოს სასახლეში მიღებაზე იმყოფებოდა პრინცი ხუან ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვესტერლოს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრინც მეროდეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ ჩემთვის საპატიო და სასიხარულოა ასეთი წარჩინებული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ნება მომეცით, მადლობა მოვახსენო პრინცსა და მის ოჯახს სტუმართმოყვარეობისა და დღეს მათ ულამაზეს სახლში თბილი მასპინძლობისათვის. დღეს ყურადღებას სამ ძირითად საკითხზე გავამახვილებ. პირველი ეხება ქვეყნის საშინაო მდგომარეობას, ანუ იმას, თუ რა გააკეთა ჩემმა მთავრობამ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ასევე გაგაცნობთ ჩვენს სამომავლო გეგმებს. შემდეგ მოგითხროთ, როგორ ემზადება საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისათვის. და ბოლოს, მოკლედ შევაჯამებ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბევრ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას საქართველო არასტაბილური საერთაშორისო სიტუაციის პირობებში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა დემოკრატიული რეფორმების ერთგულებაა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ.
“ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები. ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ საკვანძო პოლიტიკური, საკონსტიტუციო, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმები, რომელთა მიზანიცაა დემოკრატიისა კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






