ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.
“ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ძლიერი საპარლამენტო დემოკრატია, გავატარეთ, რამდენიმე რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხითაც. სამართლის უზენაესობა იყო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მთავარი მოთხოვნა. დღეს საქართველოში შერჩევითი სამართალი აღარ არსებობს, მაგრამ არავინ დგას კანონზე მაღლა.
რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ კანონი ყველანაირი სახის დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, რასაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვუწოდებთ. იმედი მაქვს, ჩვენ შევუერთდებით ბელგიას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში. რაც შეეხება ევროკავშირს, უკვე გვაქვს საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა. ასოცირების შეთანხმებას კი ხელს 27 ივნისს მოვაწერთ, რაც უკვე დადასტურებულია.
რას ველით შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ? ეს არის მთავარი შეკითხვა. მოკლე პასუხი კი ასეთია: აქტიურ მუშაობას. შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, უპირველესი მიზანი კი ევროკავშირის წევრობაა. გვესმის, რომ ეს არის რთული და თანმიმდევრული გზა, თუმცა, გვამხნევებს ის მხარდაჭერის გამოხატულებები, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიღებთ.
საქართველო ევროპის ნაწილია და არაფერს შეუძლია ჩვენი გადაყვანა ინტეგრაციის გზიდან. იმედი მაქვს, ამ პერსპექტივას ევროკავშირიც იაზრებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს წევრობის მკაფიო პერსპექტივას მისცემს, რაც რეგიონში არსებულ სურათს შეცვლის.
ეს კი შექმნის გარანტიას, რომ უკრაინის მზგავსი კრიზისი აღარ მოხდება, რუსეთმა 2008 წელს უკვე მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 1/5-ის ანექსია. ჩვენ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა მზად ვართ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების მოძიებისთვის. მიუხედავად ჩემი მთავრობის პროგრესული და მშვიდობიანი მცდელობებისა, ჩვენ საქმე გვქონდა, რამდენიმე პროვოკაციულ ქმედებასთან, როგორიცაა მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ხაზზე.
ჩვენ ისევ ვრჩებით კონსტრუქციულები, თუმცა პრინციპული ძირითად საკითხებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, გვჯერა, რომ უკრაინელებმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტონ.
ევროკავშირის წევრობა ყველაზე გრძელვადიანი გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მოკლე და საშუალო პერიოდში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობა კი რეგიონული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდია. ჩემი ქვეყნისთვის უელსის სამიტი საუკეთესაო შანსია, რომ მიიღოს შედეგი პროგრესისა და სანდო პარტნიორობისთვის, დაისახოს კონკრეტული ნაბიჯები წევრობისკენ”,-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ქართულ დელეგაციასთან ერთად ჰარვარდის კლუბის წევრებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






