რუსუდან შარაძე იმედოვნებს, რომ მისი მამის, გურამ შარაძის მკვლელობა ხელახლა იქნება გამოძიებული. ამის შესახებ რუსუდან შარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში პროკურატურის მხრიდან ვერ ხედავდა რაიმე საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, ბოლო დღეებში იგი შეხვდა მთავარ პროკურორს და პროკურორის მოადგილეს საქმესთან დაკავშირებით.
"ხელისუფლებას ამ მომენტში ჩემგან პროტესტი არ ეკუთვნის. გამოძიება ხელახლა დაიწყო. საქმეში არის უამრავი მტკიცებულება და არსებობენ მოწმეები. გიორგი ბარათელი, რომელიც ამ საქმის გამო პატიმრობაშია, საეთოდ არ ფიგურირებს მკვლელობის დღეს მელიქიშვილის ქუჩაზე", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.
მისი თქმით, მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, დაელოდოს, რა ნაბიჯებს გადადგამს პროკურატურა საქმის გამოსაძიებლად.
"7 წლის წინ მამაჩემი ამ ადგილზე დახვრიტეს. მას ერთი მკვლელი უკან მოჰყვებოდა, მეორე კი ამ ადგილზე ელოდებოდა და "ალდაგის" სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულია ყველაფერი. თუ იმედი გადამეწურება, ყველაფერს გავაკეთებ, უკან არაფერზე დავიხევ და რადიკალურ ზომებსაც მივიღებ, რათა მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება მოხდეს", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.
დღეს მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძის მკველლობის 7 წლისთავთან დაკავშირებით მკვლელობის ადგილზე მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. აქციაში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






